(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

6-12 წლამდე ასაკის მოზარდის განვითარების ეტაპი
 
23_1.jpg6-12 წლამდე ასაკის მოზარდში განვითარების ეტაპის მე-4 საფეხური იწყება. ამ დროს ბავშვში შრომისმოყვარეობისა და სრულფასოვნების გრძნობის ჩამოყალიბებას ედება საფუძველი.
ამ პერიოდში ბავშვებს შეუძლიათ იშრომონ ბევრი და ბეჯითად, რათა დაიმსახურონ პატივისცემა, გააკეთონ საკუთარი საქმე კარგად და სწორად. მათ უკვე შეუძლიათ საქმის განაწილება და გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპების დაკმაყოფილება.

როცა ბავშვი სკოლაში სიარულს იწყებს, მისი გონებრივი შესაძლებლობები ფართოვდება, იზრდება მეხსიერების მოცულობაც. ბავშვები ყოველ დღე ატარებენ რამოდენიმე საათს სკოლის ახალ ფიზიკურ და სოციალურ გარემოში. მათ თავიდან უნდა გაიარონ წინა ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები, უცნობ სასკოლო გარემოში. მათ უნდა ისწავლონ ახალი უფროსების ნდობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად, უფრო რთულ გარემოში და გამოიჩინონ ინიციატივა, სკოლის (მათთვის ახალ) წესების შესატყვისად. ამ დროის სირთულე ისაა, რომ ბავშვები ხედავენ კავშირს ნებისყოფასა და შეუსრულებელ სამუშაოს შორის. თუ ბავშვს აქვს უნარი სათანადო დონეზე გაართვას თავი სასწავლო პროცესს, ჯგუფურ აქტივობასა და თანატოლებთან ურთიერთობას, ეს ზრდის მასში კომპეტენტურობის განცდას. ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებულმა სიძნელეებმა, შესაძლოა ბავშვში არასრულფასოვნების გრძნობა გამოიწვიოს. მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი თავის თანატოლებთან შედარება. ბავშვმა უნდა გამოიმუშავოს ახალი უნარ-ჩვევები (მაგალითად ისწავლოს წერა-კითხვა, ანგარიში და ა.შ) , ამავე დროს მას სხვებს ადარებენ, რაც წარუმატებლობის რისკს ქმნის.

თუ ბავშვები წავახალისეთ კარგი საქციელის ჩადენისას, გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენისას და გაუმჯობესებისას, მათი მოტივაცია გაიზრდება და ისინი უფრო ნაყოფიერად იშრომებენ, უფრო ბეჯითად და მეტ დროს დაუთმობენ იმ საქმიანობას, რაც კარგად გამოსდით. თუ მშობლები აღიქვამენ ბავშვის სხვადასხვა აქტივობას, როგორც უსარგებლოს, თუ ბავშვი ითვისებს სასწავლო მასალას სხვა ბავშვებთან შედარებით უფრო ნელა, ეს ხელს უწყობს არასრულფასოვნების განცდის ფორმირებას. განსაკუთრებით საზიანოა უფროსების მხრიდან ნეგატიური შეფასება. მომავალში ასეთი ბავშვები სოციალურ სიტუაციებში თავს არაკომფორტულად გრძნობენ. გადაჭარბებულად აკრიტიკებენ სხვებს და მუდმივად უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით.

ბავშვები სკოლაში ეცნობიან ხელოვნების, მეცნიერების სხვადასხვა დარგს. თუ მათ შევუზღუდეთ ხედვის არეალი და არ მივეცით საშუალება გაეცნონ სხვადასხვა პროფესიასა და ხელობას, მოტივაცია და თვითშეფასება დაუქვეითდებათ, მოეშვებიან და მათი პროდუქტიულობაც მოიკლებს. ასეთი ადამიანები დუნე ცხოვრების სტილს ირჩევენ, ამიტომ აუცილებელია ბავშვის ინტერესების სფეროს განვითარება და ხელშეწყობა.
 
23_2.jpg 23_1.jpg