ფიზიკური განვითარება და მისი გავლენა უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე

ამ პერიოდში მიმდინარეობს ბავშვის ორგანიზმის ინტენსიური ბიოლოგიური ზრდა-განვითარება (ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის, შინაგანი ორგანოების). ამ პერიოდში მატულობს ნერვული პროცესების აქტიობა. ნერვული პროცესების აგზნება ჭარბობს შეკავების პროცესს და ეს განაპირობებს, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვების ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა, მომატებული ემოციური აგზნებადობა და მოუსვენრობა. ბავშვისთვის ერთი მხრივ, დამახასიათებელია მომატებული ფიზიკური გამძლეობა და მეორე მხრივ, სწრაფი დაღლა და ნერვულ-ფსიქიკური პროცესების მოწყვლადობა.
მათი შრომისუნარიანობა 25-30 წუთის შემდეგ, ჩვეულებრივ ქვეითდება. ასევე, ბავშვები იღლებიან გახანგრძლივებულ ჯგუფში დარჩენისას და ემოციურად დატვირთული გაკვეთილებისა და ღონისძიებების შედეგად.
ვინაიდან, კუნთური სისტემის და მისი მართვის პროცესების განვითარება არ მიმდინარეობს სინქრონულად, ამ ასაკის ბავშვებს ახასიათებთ, მოტორული აქტიობის განვითარების თავისებურებები. მსხვილი კუნთების განვითარება უსწრებს წვრილი კუნთების განვითარებას, ამიტომ, ბავშვებს უკეთ აქვთ განვითარებული მსხვილი მოტორული უნარები, ვიდრე ნატიფი მოტორული უნარები (მაგალითად, წერა).
6-8 წლის ასაკის ბავშვი ფიზიკურად - ენერგიულია. მას აქვს ჭარბი ენერგია. სულ მოძრაობაშია. მართალია, ის ფიზიკურად განვითარებულია, მაგრამ მისი ზრდის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს. გული არ იზრდება სხეულის პროპორციულად. ამიტომ, მას არ შეუძლია დიდხანს შეასრულოს დაძაბული ფიზიკური აქტიობა. მას ჭირდება დასვენების პერიოდები.
6 წლის ასაკის ბავშვს, ისევე როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვს ძალიან უყვარს თამაში, მაგრამ ეხლა მისი ძირითადი აქტიობაა - ახალი, კონკრეტული ჩვევის დაუფლება.
9-11 წლის ასაკის ბავშვი ფიზიკურად - აქტიურია. აქვს ჭარბი ენერგია, რომელიც ფიზიკური აქტიობის საფუძველს წარმოადგენს. უყვარს თავგადასავლები, შთაბეჭდილებები, ფიზიკური ვარჯიშები. ამ ასაკის ბავშვი იმდენადაა დაკავებული თავისი ყოველდღიური თავგადასავლებით, რომ შეიძლება ყურადრების მიღმა დარჩეს - პირადი ჰიგიენა, საკუთარი ნივთებისა და თანსაცმლის მოვლა. ამიტომ, საჭიროა თვითდისციპლინის განვითარება.