თვითშეფასების ჩამოყალიბება და მისი შედეგები

ხშირად ადამიანებს უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრა, პრობლემა კი დაბალი თვითშეფასებაა. ადამიანისთვის თვითშეფასება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხეულისთვის ხერხემალი, რადგან სწორად ჩამოყალიბებული თვითშეფასებით ბევრი სირთულის თავიდან აცილებას შევძლებთ. იმისათვის, რომ ეს უნარი ადამიანმა გამოიმუშავოს, საჭიროა ადრეული ასაკიდან ხელის შეწყობა. ადრეულ ასაკში ბავშვის თვითშეფასება უმთავრესად აიგება უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ მისი ქცევის შეფასების საფუძველზე. ამ ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ შესწევთ საკუთარი თვისებების, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერების უნარი.ზოგჯერ ამ პერიოდში ბავშვის თვითშეფასება ერთი დღის განმავლობაშიც კი იცვლება.
როგორც სკოლამდელ, ასევე პირველ სასკოლო პერიოდში, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად დაიწყებდეს საკუთარი თავის შეფასებას, თვითშეფასების ფორმირებაში მშობელს განსაკუთრებული როლი აკისრია, რადგან მისი გავლენა საკმაოდ ძლიერია.
საყურადღებოა, რომ ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი სტილი აქვს. ბევრს მიაჩნია, რომ მომავალში ცხოვრების გზის იოლად გასავლელად, ასევე იმისთვის, რომ შვილი არ დაეჩაგროს, საჭიროა, ხშირად აქოს და გაუძლიეროს საკუთარი ძალების რწმენა. გვხვდებიან სხვა კატეგორიის მშობლებიც, რომლებსაც ისე ეშინიათ, მათ შვილს ხასიათის არასასურველი თვისებები არ ჩამოუყალიბდეს, იშვიათად აქებენ, იშვიათად აღნიშნავენ მის წარმატებას, ცდილობენ, თავისი შეფასებებით გააუფასურონ მათი მიღწევები. ყოველივე ეს ხშირად არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მიზეზად იქცევა. ადეკვატური თვითშეფასება ბავშვს უყალიბდება მაშინ, როდესაც აღმზრდელები და პედაგოგები ადეკვატურად აფასებენ მის შესაძლებლობებს. ადეკვატური თვითშეფასება, თავის მხრივ, თვითრწმენის, თვითკრიტიკულობის, მომთხოვნელობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ამდენად, სასურველია, ბავშვთან ურთიერთობისას ორიენტირებული ვიყოთ ადეკვატურზე ოდნავ მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. არ დავიშუროთ საქებარი სიტყვები, როცა ბავშვი ამას იმსახურებს, აღვნიშნოთ მისი მიღწევები და გავუჩინოთ მას წარმატებულობის განცდა. ასევე არ დაგავიწყდეთ, თქვენი შვილებისათვის მისაბაძი ადამიანები ხართ თქვენ, მომავალში ისინი ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბდებიან და ისევე აღზრდიან თავინთ შვილებს, როგორც თქვენ აკეთებდით ამას და არ დაგავიწყდეთ თქვენ ხართ თქვენი შვილების საუკეთესო მოტივატორები!