(+995 32) 2 182 422    (+995) 557 599 622
Youtube

აღდგომა, როგორც ქრისტიანთა უმთავრესი დღესასწაული
 
48_1.jpgაღდგომა ქრისტიანთა უმთავრესი დღესასწაულია. იმის მიუხედავად, რომ ეს დღესასწაული მოძრავია, აღსანიშნავია, რომ ის ყოველთვის გაზაფხულს ემთხვევა. საქართველოში აღდგომის დღესასწაულს ხალხი დიდი ზარზეიმით ხვდება.

დიდი ხუთშაბათი
ამ დღეს ქრისტემ თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა. დიდ ხუთშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფეხთბანას — ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად მიიჩნეოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.


წითელი პარასკევი
ამ დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. ამ დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა… სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული. ამ დღეს დასცინეს ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს, დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენ განსადიდებლად, დატანჯეს ის, ვინც მოვიდა ტანჯვისგან ჩვენ გასათავისუფლებლად, სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.

სააღდგომო პასკა
საკუთარი ხალხისგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა და კაცისგან ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ზეკაცის სიტყვები იყო ასეთი: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. წითელ პარასკევს სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც უდიდესი რელიკვია, იესოს კვართი ინახება, განსაკუთრებული რიტუალი ტარდება — კვართის დაკრძალვა. ამავე დღეს იღებება კვერცხები წითლად, რაც ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლოა, და ცხვება პასკა.

აღდგომა
უმთავრესი დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება. ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“ ამ დღეს ჩვენში ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას. მომდევნო დღეს, ორშაბათს საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული. აღდგომის კვირისთავი, ანუ მომდევნო კვირა დღე, ხალხური რწმენით, ყველაზე ბედნიერად მიიჩნევა ჯვრისწერისთვის.
 
48_2.jpg48_3.jpg48_4.jpg48_1.jpg