ყურადღება და მისი მართვა ადრეულ ასაკში

მაგრამ, 5-8 წლის და 9-11 წლის ასაკში ნებისმიერი ყურადღება აღმოცენდება, მხოლოდ მისი ძალების მობილიზაციისა და ძლიერი დაძაბულობის, ან გარედან მოქმედი ძალისხმევის შედეგად. ჩვეულებრივ სიტუაციაში ბავშვს უჭირს ყურადღების ნებისმიერად მართვა.
უმცროსი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელია, სუსტად განვითარებული ნებისმიერი ყურადღება. სამაგიეროდ კარგად არის განვითარებული უნებლიე ყურადღება. ყველაფერი ახალი, მოულოდნელი, საინტერესო, ნათელი იქცევს ბავშვის ყურადღებას. ბავშვმა შეიძლება არ შეაჩეროს ყურადღება სასწავლო მასალაში არსებით დეტალებზე და შეაჩეროს არაარსებითზე, იმიტომ, რომ მათ მიიქციეს ბავშვის ყურადღება.
პირველკლასელებს და ნაწილობრივ მეორეკლასელებს არ შეუძლიათ დიდხანს, ერთი მიმართულებით ყურადღების წარმართვა. განსაკუთრებით, თუ სამუშაო უინტერესოა და მონოტონური. შედეგად, ბავშვი ვერ ასრულებს დავალებას, ტოვებს ასოებს სიტყვაში, სიტყვას წინადადებაში. 5-6 წლის ასაკის ბავშვს ერთი მიმართულებით ყურადღების წარმართვა შეუძლია 15-20 წუთის განმავლობაში. 1-2 კლასში ყურადღება უფრო მტკიცეა გარეგანი აქტიობის შესრულებისას, ვიდრე გონებრივი აქტიობის დროს. ამიტომ საჭიროა გონებრივი აქტიობის ჩანაცვლება პრაქტიკული აქტიობებით (ხატვა, ძერწვა, სიმღერა, ვარჯიში). მხოლოდ, მესამეკლასელებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ყურადღება მთელი გაკვეთილის განმავლობაში.
უმცროს სასკოლო ასაკში ცუდი დისციპლინის და სწავლის სირთულეების ერთ-ერთი მიზეზია, ნებისმიერი ყურადღების სისუსტე. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ ხდება ნებისმიერი ყურადღების ფორმირება და როგორ შეიძლება მისი განვითარება. მიჩნეულია, რომ ნებისმიერი ყურადღება, უნებლიესგან განსხვავებით არ არის ორგანიზმის მომწიფების პროდუქტი. მისი ფორმირება ხდება სოციალურ კონტექსტში, ბავშვისა და მოზრდილის ურთიერთობის შედეგად. ნებისმიერი ყურადღების ფორმირებისთის მნიშვნელოვანია ბავშვის აქტიობის ორგანიზაცია.
ბავშვები იწყებენ საკუთარი ყურადღების მართვას, ნებისმიერად შეუძლიათ წარმართონ და შეაჩერონ ყურადღება მხოლოდ თვალსაჩინო, მისთვის საინტერესო რაიმე საგანსა და მოვლენაზე, რომლის მიმართაც ბავშვს უჩნდება ემოციური დამოკიდებულება. მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს ბავშვებს ყურადღების ორგანიზებაში რაიმე საქმიანობაში ჩართვით, გარეგანი დამხმარე საშუალებებით, არავერბალური მინიშნებით და ა.შ. როდესაც ბავშვები რაიმე ერთობლივ საქმიანობაში არიან ჩართულნი, მაგალითად, გამოცანების გამოცნობა, მასწა¬ვლებელი მითითებას აძლევს ბავშვებს, დაიცვან რიგი, ყურადღებით მოუსმინონ ამოცანას და შემდეგ უპასუხონ ხელის აწევით და ა.შ.
ნებისმიერი ყურადღების განვითარებისთვის საჭიროა “ახლო” მოტივაციის გამოყენება, ესაა: მასწავლებლის/უფროსის შექება, შეფასება, დავალების კარგად შესრულება.